მოდი დავარღვიოთ სიჩუმე
პატარა ისტორია
კარგი ცოლ-ქმარი იყო,ისე უყვარდათ ერთმანეთი მთელი სოფელი მათ გულშემატკივრად აქციეს ამიტომ მტერ-მოყვარე გააერთიანა მათი ქორწინების ამბავმა,ბავშვებიც ერთიმეორის მიყოლებით გაუჩნდათ ერთი მეორეზე უკეთესები.ბიჭზე იყო ნათქვამი ობლის კვერი ცხვა,ცხვა და მაინც გამოცხვაო.ისე ტკბილად გაიარეს მშიერი და ომიანი ოთხმოიანი წლები მათი ოჯახიდან ხმამაღალი შეძახილი არავის გაუგია.კაცმა არ იცის მერე რა მოხდა ეს კი იყო ,რომ საწყალი გოგო ნელ-ნელა დნებოდა,თითქოს თვალებმაც დაკარგეს უწინდელი სილამაზე.რაღაც სევდა და ტკივილი ჩაუდგა სულში,მერე ნელ-ნელა ბავშვების ტირილი.სიმწრით შეძახილი,გინება…და სოფლის ორღობეში მოჩურჩულე ქალები სინანულით იქნევდნენ თავებს,კაცები ბიჭს არიგებდნენ ,ემუქრებოდნენ მაგრამ ერთხელ დაგორებული შეურაწყოფის ეჭვის და დარდის პატარა გუნდა ნელ-ნელა იკრეფდა ძალას გზადაგზა ზვირთად იქცა და წალეკვით ემუქრებოდა ოჯახს.ათასი ჭკუის მასწავლებელი გამოჩნდა ,,ცოტა შენც დაუთმე,მოეფერე დაუყვავეო”შედეგად ჩალურჯებული თვალი და უფროსი ქალიშვილის შიშისაგან გაფართოებული თვალები.ადგა და წავიდა,შეშინებული,შეურაწყოფილი,ზამთრის სიცივისაგან,ტკივილისაგან მხარ აბუზული უკანმოუხედავად მიდიოდა წინ,იქ სადაც ელოდა შიმშილი,სიცივე,გულისტკენა,მაგრამ უკან არცერთხელ არ მოუხედავს ალბათ რაც აქეთ ნაპირზე დატოვა უფრო მტკივნეული იყო,დატოვა ქმარი,კერა,სიმინდის კვალში ჩაყრილი ოფლი და ბალიში ათასი ცრემლით დამპალი.
მიდიოდა ქალი ხმელ ფიცარზე ჩამოცმული ჩვარი,მიდიოდა უგულოდ,უცრემლოდ დაცარიელებული და დაღლილი,ხელში კი ორი პაწაწინა ხელი ეჭირა ერთადერთი მზითვი და მემკვიდრეობა.
წერილი წარსულიდან
დილით ადრე ავდექი, ადრე იმიტომ, რომ ვერც ვიძინებ, ვერც ღამეს ვეგუები. მტკივა ეს აწეწილი სული და იმიტომ! სარკეში ჩავიხედე, ჩემს თვალებში ისეთი სევდა იყო, ისეთი უსიცოცხლობა, შემეცოდა საკუთარი `მე~.
დაძაბული ვიყავი დილიდან, გონებაში ათასი საზიზღარი სურათი ქაოტურად ტრიალებდა: პირველი შეხვედრა, გულის სასიამოვნოდ ატოკება, სიყვარულის შეგრძნება, ქორწინება და…
ახლა იმაზე ფიქრი მტანჯავს, ასე უცებ როგორ დაიმსხვრა ჩემსავე თვალწინ ის სათუთად ნაგები ოცნების კოშკები, მკაცრმა სინამდვილემ როგორ დააჩოქა ჩემში აქამდე ამაყი სული. შვილი მაინც მყავდეს. გულს ცოტათი გაამხიარულებდა. მერე იმ ფიქრებში წავედი, ეს ნატვრა რომ ამიხდეს რა იქნება-მეთქი. წარმოვიდგინე ყოვედღიური ჩემი შეურაცხყოფა, ცრემლები, ნატკენი სული და გაბზარული გული. ამას რომ ბავშვი უყურებდეს, ამას რომ განიცდიდეს, როგორი გაიზრდება? როგორი ჩამოყალიბდება? როგორი წარმოდგენა ექნება სამყაროზე? და ცემა? მამისგან დედაზე მაგრად მოქნეულ ხელს რომ დაინახავს?_შემეშინდა, ისე ძალიან შემეშინდა მუხლებზე დავეცი და ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას სახეზე. რაღაც გამეჩხირა ყელში, ბურთივით მრგვალი და მივხვდი ეს ის ბოღმა იყო, რომელიც უკვე წლებია მახრჩობს და ვერც დავაღწიე თავი. ძალა მოვიკრიბე, ავდექი, საწერკალამი და ჩემი დღიური ვიპოვე და იმის წერა დავიწყე, რაც მჭირს: ყოველდღიური ერთფეროვნება ცხოვრების ხალისს მაკარგვინებს. არა აქვს მნიშვნელობა დღეს რა დღეა, რომელი საათი, უბრალოდ ვიცი, რომ არ მინდა ღამე, იმიტომ რომ ჩემი ფიქრებივით ბნელია და მაშინებს. ხშირად მიფიქრია სიკვდილზე, მაგრამ სულის გამეტების და მკაცრი სასჯელის მეშინია. ვიცი, რომ ცხოვრება მშვენიერია, თუ მის არსს ჩაწვდები და შეიგრძნობო, მე ამის შესაგრძნობად დროც არ მრჩება, ქუჩაში გავალ თუ არა და შემეფეთება ბედნიერი წყვილების გაბრწყინებული თვალები, ისევ ამოტივტივდება გონებაში ის ყველაფერი, რაც მანგრევს.
არადა ისე კარგად დაიწყო ყველაფერი, მიყვარდა, ვუყვარდი, იქნებ მეგონა ვუყვარდი?! -3 თვეში კი_არაფერი არ მოსწონდა, ყველაფერზე მეკამათებოდა, გაკეთებულს მიწუნებდა, ჯერ ხმამაღლა დაიწყო პროტესტის გამოხატვა, მერე აგრესიაში გადაეზარდა, მერე ხელითაც შემეხო და ამ შეხებამ სისტემატიური ხასიათი შეიძინა. მე ისევ მეგონა რომ მიყვარდა, ამიტომაც ვპატიობდი, ჩემშივე ვკლავდი ტკივილს. მეგონა შეიცვლებოდა.
მხოლოდ მაშინ მივხვდი ყველაფერს, როცა უკვე ჩემში დაჩოქილი დავინახე ის სიამაყე, რის გამოც ადრე ბევრს არ ვპატიობდი ელემენტარულსაც კი. მაშინ წასვლა მომინდა, გაქცევა, სიტუაციიდან გარიდება. მინდოდა ის გარემო, სადაც მხოლოდ კი არ შემიბრალებდნენ, სადაც თავს მსხვერპლად და უსუსურ არსებად კი არ ვიგრძნობდი, არამედ ჩემში დაკარგულ საკუთარ მეს რომ მაპოვნინებდნენ, ცხოვრებას უფრო ლამაზი თვალით დამანახებდნენ.
მეგობრები მეკამათებოდნენ, ჩემს სისუსტეს მუდმივად მახსენებდნენ: `ვისთვის იკლავ თავს, რატომ ხარ ასეთი მორჩილი~?
სიტყვა მორჩილება ყოველთვის მეზიზღებოდა, უბარდუკთა თავშესაფრად მიმაჩნდა. ვერ ვიჯერებდი, რომ უბადრუკი ვიყავი გამხდარი.
მშობლები თავისივე შეხედულებებით `მარიგებდნენ ჭკუას~-ზოგი კაცი ცოტა მკაცრია, ამისთვის ოჯახს არავინ ანგრევს. ალბათ შენც გეშლება რამე~. (?!)
და ამ დარიგება-გაკიცხვაში, ჩემი ყველაზე საუკეთესო წლები უფერულ დინებას მიჰყვებოდა და არც ნათელი წერტილი ჩანდა სადმე.
ის ერთი დღე იყო, როცა ტირილში ღამენათევმა, საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება თავისთვის საშველი მეპოვა. უჯრიდან მისამართი ამოვიღე, ტანსაცმელი ჩავალაგე და სწრაფი ნაბიჯებით დავუყევი ქუჩას.
თბილად მიმიღეს, ადგილი გამომიძებნეს და უბრალოდ მაგრძნობინეს, რომ ადამიანი ვარ, მთელი ჩემი სუსტი და ძლიერი ხასიათის თვისებებით.
მალევე მივხვდი, რომ ყოველდღიური საუბრები ფსიქოლოგთან ჩემს სულს აძლიერებდა, საკუთარი თავის პოვნაში მეხმარებოდა, ვიყავი ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი.
იქ კიდევ რამდენიმე იყო `ჩემნაირი~, ჩემსავით ტკივილიანი. ერთმანეთთან ხშირად ვსაუბრობდით და სწორედ ამ საუბრით ვხდებოდით თმენის უნარი მხოლოდ დამანგრეველი რომ ყოფილა სულისთვის, რომელიც ცხოვრებას გაძულებს და სიცოცხლეს არასათანადოდ გაფასებინებს.
ძალიან მოკლე დროში მივხვდი, რომ ჩემნაირებისთვის ეს სახლი ყველა სახლზე თბილი და მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ გაპოვნინოს საკუთარი თავი. აქ ვიგრძენი, რომ მე ქალი ვარ და ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ცხოვრება შემიძლია და თმენას სულაც არ საჭიროებს ოჯახური ურთიერთობა და მით უფრო სიყვარული. მაშინ მივხვდი, რომ უბრალოდ უნდა გავუღიმო ცხოვრებას და მივიღო მისგან ყველაზე კარგი და საჭირო ჩემთვის.
რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მივუჯექი ჩემს დღიურს, გადავფურცლე რამდენიმე გვერდი და საკუთარი თავი შემეცოდა, მერე გავუბრაზდი, თითქოს ვერც ვაპატიე ასეთი სისუსტე. ყველა ძველი ფურცელი სასწრაფოდ ამოვხიე და ახალი ფურც;ლიდან დავიწყე წერა_`მადლობა ღმერთო, თურმე რა მშვენიერია ცხოვრება~.
დაკარგული ბავშვობა
ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და განსაკუთრებით ბავშვების ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, ბავშვის პიროვნების და ჰარმონიული განვითარებისთვის სრული პირობების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, რადგან ბავშვს სწორედ მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნდა. მშობლები ერთობლივად აგებენ პასუხს ბავშვებზე ზრუნვის უზრუნველყოფაზე, მათ ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეორივ და სოციალურ განვითრებაზე, საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაზე. ამიტომაც მიიჩნევენ ბავშვის ჰარმონიული განვითარებისათვის მის ბუნებრივ ოჯახურ გარემოში გაზრდას მნიშვნელოვნად და აუცილებლად, სადაც ყველანაირი საბაზისო პირობები უნდა იყოს დაცული. ბავშვის უფლებების დაცვა, მათი ინტერესების გათავისება, მათზე ზრუნვის უზრუნველყოფა, ეს ისეთივე აქსიომა უნდა იყოს, როგორც ზრდასრულ ასაკში ადამიანების მხრიდან საკუთარ უფლებებზე ზრუნვა. ეს ალბათ უფრო განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი ცნობიერება იმ სიმაღლეებს წვდება, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხების უგულვებელყოფას მენტალობის და სტერეოტიპების ჩარჩოებში არ განიხილავენ, სადაც არ უძებნიან გამართლებას ისეთ საკითხებს, როგორიც მოზარდებზე ძალადობა და ოჯახური კონფლიქტებია. ასეთ თემებს ტაბუს მხოლოდ ჩვენში თუ დაადებენ, რისი მიჩუმათებაც, მხოლოდ ბუმერანგად რომ მოუბრუნდება ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანასაც და საზოგადოებასაც. იმიტომ, რომ დღეს მხოლოდ განსჯა რჩება უმთავრეს იარაღად, თუნდაც ოჯახში ბავშვზე ძალადობის, მათი დისკრიმინაციის დროს. მშობელმა ბავშვი მკაცრად დასაჯა – ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სხვების თანდასწრებით შეარცხვინა ,,თავისი ადგილი მიუჩინა” – კედელთან, ბნელ ოთახში, აბაზანაში და აიძულა საათობით ეფიქრა მხოლოდ ,,თავის დანაშაულზე”, რომ ხვალ და ზეგ იგივე შეცდომა არ დაეშვა, ამ ყველაფერმა შვება მოუტანა ოჯახის უფროს წევრებს, სტუმრად მყოფ მეზობელს, ახლობელს და გადაწყვიტა, ხმამაღლა თუ არა, თავისთვის მაინც გაეფიქრებინა – ჭკუის სასწავლებელია, ასეთი თავნება აღარ იქნება. და თუ თავნება არ იქნება, აღარ შეაწუხებს საზოგადოებას, რომელიც მიეჩვია ყველგან და ყველაფერში სიმშვიდის შენარჩუნებას. ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა ეს ძალადობა ვიღაცის სიმშვიდეზე გადის, იქნებ ვიფიქროთ იმაზეც, რა ზიანს აყენებს ,,მსხვერპლს”, რომელიც მხოლოდ იმისთვის დაისაჯა, რომ მშობელს გაცნობიერებული არ აქვს, რატომ უნდა ჰქონდეს მას თავისი ნების თავისუფლად გამოხატვის უფლება. და რა მოაქვს ერთის ამ სიმშვიდის ფონზე მიღებულ მეორის სულიერ ფორიაქს, რომელიც მხოლოდ აზიანებს და ამახინჯებს ფსიქიკას? რატომ ჰგონია ვინმეს, რომ საათობით კედელთან ატუზული ბავშვი, მხოლოდ იმაზე ფიქრობს მეორედ ასე აღარ მოიქცეს და არა იმაზე, რატომ ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც არ იცნობენ მისი, როგორც ბავშვის უფლებას, სადაც მშობელი თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ იღებს მის წინაშე, საჭიროდაც არ თვლის მას გაუგოს, გაუფრთხილდეს, მის ინტერესებს ემსახუროს. ამაზე დაფიქრებული კი, რომელსაც ყველაზე მეტად უგროვდება ბოღმა, ბრაზი და ტკივილი, ხვალ წამოძახებების რეჟიმში იწყებს მშობელთან ურთიერთობას, გაღიზიანებული ხვდება ნებისმიერ გამოწვევას საზოგადოების თუ ზოგადად ცხოვრების მხრიდან – ამიტომაც იბნევიან, ამიტომაც კომპლექსდებიან, ამიტომაც უჭირთ ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. როდესაც ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა, რომ მშობელი მასზე ძალადობს და უფლება აქვს ის დასაჯოს, როცა იმაზე დაფიქრდება, ვის უნდა დაეცვა ის, როცა ეს სჭირდებოდა, რამდენად ლოგიკური იქნება შეფასებებში? რამდენად სწორად აღიქვამს რეალურს? რამდენად გააცნობიერებს პატივისცემის გრძნობას სხვების მიმართ? ნუთუ არ შეაწუხებს ის, რომ მას თავიდანვე ექცეოდნენ უპატივცემულოდ? შეურაცხყოფდნენ და არცხვენდნენ სხვების თანდასწრებითაც კი, თან ის ადამიანები, ვისაც პირველებს უნდა ეფიქრათ მის უსაფრთხოებაზე? საინტერესოა კუთხეში დაყენებული საკუთარი შვილივით, რომლისთვისაც დასჯას ,,გამოსასწორებელ” თერაპიად მიიჩნევენ, ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულან მშობლები რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბავშვებზე ძალადობას? ან რატომ ჰგონიათ, რომ ბავშვებთან ხმამაღალი საუბარი, მუქარა, ცემა, ჩვეულებრივ მოვლენად უნდა აღიქმებოდეს? მე, მშობელი თუ გადაღლილი ვარ, ან სამუშაოთი, ან ემოციებით, რატომ ვავალდებულებ ბავშვს ამის გამო თავის თავზე იტვირთოს, ჩემს მოსვენებაზე ფიქრი? ან რატომ რატომ უყურებს მეზობელი ჩვეულებრივად დედას, ან მამას, რომელიც ალკოჰოლს მიჯაჭვული, უბრალოდ იმის გამო სცემს თავის შვილს, რომ ხასიათის ცუდი თვისებები იღვიძებს მასში სიმთვრალის დროს? რატომ უნდა მიიღოს საზოგადოებამ ნორმალურად, როცა მშობელი თავად წყვეტს მის შვილს დაუტოვოს თუ არა მაგალითად სწავლის უფლება? სიტყვის, აზრის გამოხატვის უფლება? რატომ ხდება, რომ მშობელსა და შვილს შორის კამათის დროს ყოველთვის ცდილობენ გაამართლონ მშობელი და ხაზი გაუსვან შვილის გაუზრდელობას, მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსს გაუბედა და შეკადრა შეპასუხება? აქ ყოველთვის იკარგება თუ არა ის სიმართლე და ჭეშმარიტება, რაც ნორმალურ საზოგადოებაში სწორედ კამათში უნდა იბადებოდეს? ვინ გადაწყვიტა, რომ ბავშვი, მოზარდი ვალდებულია უხმოდ დაემორჩილოს დედ-მამის ბრძანებებს, გადაწყვეტილებებს, მაშინაც კი, როცა ის წინააღმდეგობაში მოდის მის ინტერესებთან? და რატომ არ ვფიქრდებით იმაზე, რომ ბავშვისგან ასეთი გარემოს შესწავლისას გამომუშვებული ტავდაცვა, ხვალ მხოლოდ ძალისმიერ მეთდებზე იქნება დაფუძნებული? და დუმილს, მაშინ, როცა უნდა ვამხელდეთ, თუ ბუმერანგის ეფექტი არა აქვს, რატომ მომრავლდა ფაქტები, როცა უნდა ოჯახის წევრებს ერთმანეთისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ და მამა, დედა, შვილი მარტივად იმეტებენ ერთმანეთს? რატომ არ ვაღიარებთ, რომ ეს დღევანდელი რეალობა, გუშინდელი დღიდან, დამახინჯებული ბავშვობიდან მოდის? როცა მშობლები მენტალობას და ზნე-ჩვეულებას მხოლოდ იმას უწოდებს, რომ უფროსის სიტყვა კანონია. და ეს კანონი სამართლებრივ ჩარჩოში იმიტომ უნდა მოექცეს, რომ ხელში მხოლოდ ჯიქურ მოტანილი უფროს-უმცროსობის თეორია არ შეგვრჩეს – ამაზე და კიდევ იმაზეც, რომ თეორიების პოტინში ჯანსაღი, განათლებული, თავისუფალი და უფლებადაცული მომავალი თაობის ნაცვლად, შეშინებული, დაკომპლექსებული, უფლებააყრილი, გაღიზიანებული და გარემოში დაკარგული შვილები არ შეგვრჩეს ხელში, კიდევ რამდენ ხანს დაგვჭირდება ფიქრი?
სიჩუმის მიღმა
შეუცვლელი მიდგომები ძალადობის საკითხებისადმი და პრობლემის იგნორირება ერთნაირად ანგრევს ადამიანების ფსიქიკას, ოჯახის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და ცხოვრებას, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ოჯახური ძალადობა დღევანდელ საზოგადოებაშიც კი ტაბუდადებულ თმად რჩება. თუ რატომ ერიდებიან და უფრთხიან ადამიანები თვიანთ პირადი ცხოვრების გამომზეურებას, რატომ იტანენ წლების განმავლობაში ტკივილს და რატომ ვერ ახერხებენ თავიანთი ცხოვრების შეცვლას? ამაზე პასუხი რამდენიმე მიმართლებით ყოველთვის ჩნდება. სიჩუმე უნდა დაირღვეს, თითოეულმა და ყველამ ერთად ჩვენი უფლებების დაცვაზე უნდა ვიფიქროთ და ვიფიქროთ იმაზეც, რომ ის, რისი დაფარვაც მხოლოდ შინაგან ტკივილთნ და შერყეულ ცნობიერებასთან არის დაკავშირებული, ტაბუირებულად არ დავტოვოთ. არსებობს მიზეზები და სიტუაციები, როცა ადამიანებს ურჩევნიათ მუდმივად შეინარჩუნონ ამტანობა, ვიდრე სამზეურზე გამოიტანონ ის, რაც მათ ოჯახურს ეხება. აქ ყველაზე დიდ ბარიერად, რამაც შეიძლება ვინმეს მოთმენის უნარი გამოუმუშავოს, მსგავსი ტაბუირებული საკითხების მიმართ თავად საზოგადოების დამოკიდებულება სახელდება. თავშეკავებაც სწორედ აქედან ჩნდება – რამდენად სწორად გაიგებს საკუთარი ოჯახური პრობლემის გამოაშკარავებას ის ადამიანები, ვინც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, იქნებ ჩვენზე მეტადაც ყკივილიანები, მაგრამ საკუთარ ,,ნაჭუჭში” ჩაკეტილები. მერე რა, თუნდაც იმაზე ფიქრისგანც თავისუფალნი, იმ თაობების ფსიქიკა გადაარჩინონ ნგრევას, რომელთა მეხსირებაში არასასურველი სცენების ჩალექვა ნეგატიურ და არასახარბიელო შედეგებს იღებს. ოჯახის ერთი წევრის მიერ, ძალაუფლებისა და კონტროლის მიზნით ოჯახის სხვა წევრზე ძალადობა, ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება, სიტყვიერი მუქარა თუ ნებისმიერ ფორმაში გამოხატული მოძალადის საქციელი, დღეს ყველაზე ხშირად, მხოლოდ მსხვერპლის ტანჯვაში, ცრემლებსა და სულიერ ტკივილში იმალება. უმოქმედობას და სიჩუმის გაურღვევლობას უფრო ინდივიდუალური, მაგრამ მაინც ზოგადი ხასიათი აქვს და ყოველთვის ყველაზე სამწუხაროდ აქ უგულვებელყოფილია ყველაზე მთავარი, მესამის, ანუ ე.წ. მაყურებლის უფლებაზე ფიქრი. დაზარალებული ცოლი, რომელსაც შესწევს ძალა აიტანოს ყველა შეურაცხყოფა, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი და თავადვე ვერ ხსნის რატომ – შიშის, მორჩილების თუ ათას სხვა მიზეზთა გამო, ამ შემთხვევაში ტკივილის თმენას მხოლოდ იმ მიდგომად თუ განვიხილავთ, როცა მდგომარეობის შესაცვლელად მხოლოდ მიზეზებს ვეძებთ და არა საშუალებას. და მაშინ ასეთ ცოლებთან კი არ უნდა გაგვიჩნდეს კითხვა – რატომ იტან? უფრო ასეთ დედებთან – რატომ ხდი ვალდებულს შენს შვილებს აიტანოს? დედა, ყოველთვის უნდა გამოვიდეს ამ შემთხვევაში არა მეუღლის, არა საზოგადოების, არამედ შვილების ინტერესებიდან, რომელთა ცხოვრება ისევე მახინჯდება და ინგრევა, ამ საზიზღარი სურათების ყურებისას, როგორც თავად ძალადობის მსხვერპლის. და უფიქრიათ თუ არა ასეთ დედებს მათი მოთმინება რას აღვიძებს იმ მომავალში, რომელმაც ხვალ ახალი საზოგადოება უნდა შექმნას და ცხოვრებაში თავისი ადგილის დამკვიდრება შეძლოს? როცა ქმარი შენზე ფიზიკურად ძალადობს, შენ კი ამის ატანა გამოგიმუშავდა, ამ ამტანობას შენივე შვილების ცნობიერება რომ მსხვერპლად ეწირება ამაზე ვინ უნდა იფიქროს? და იფიქროს თუნდაც იმიტომ, რომ დეპრესიული, ჩაკეტილი და არათავდაჯერებული შვილი, ხვალ სწორედ ამ საზოგადოების შექმნაში მიიღებს თავის წვლილს და შედეგებიც სწორედ ისეთივე არასასურველი გვექნება, როგორც მათი მძიმე ბავშვობა. რატომ ვერ ცვლიან ადამიანები თავიანთ ცხოვრებას? აქ საზოგადოებას უფრო დიდი წვლილი მიუძღვის თუ სახელმწიფოს? მაშინ როცა საზოგადოება შეადგენს სწორედ ამ სახელმწიფოს, აუცილებელია ცნობიერების დონე გასცდეს იმ სტიგმატურად და ტაბუირებულად მიჩნეულ თემებზე პოტინს, რაც ნებისმიერი მიმართულებით მხოლოდ ნგრევის საწინდარი ხდება. როცა მეგობარი, მეზობელი, ახლობელი უყურებ თუ როგორ ძალადობს ერთი ოჯახის წევრიმეორეზე, იმაზე ნუ კი იწყებ მსჯელობას, აქ გამოწვევის შემთხვევასთან გვქონდა საქმე, თუ უბრალოდ პათოლოგიასთან. მსგავსი დიდაქტიკები, მხოლოდ შენივე გონიერებაში ილექება, რაც ხვალ და ზეგ ყველაზე დიდი, ახალი განმარტებების მოძიებაში შეგიწყობს ხელს, პრობლემა კი, ისევ პრობლემად, სიჩუმე კი ისევე დაურღვევლად დაგვრჩება. ან რატომ შეიძლება საზოგადოების ინტერესის სფერო მუდმივად მხოლოდ მტყუან-მართლის ძიება იყოს და არა იმაზე ადექვატური რეაქცია, რატომ უნდა რჩებოდნენ დაუსჯელნი მოძალადეები? იქნებ სწორედ ჩვენი ინერტულობის დამსახურებაა, როცა ადამიანების უმრავლესობა უთქმელად იტანს ტკივილს, ჩვენი არასწორი რეაქციის შიშით, იმაზე ფიქრით, ვინ როგორ გაიგებს მის ტკივილს და რამიმართულებით განიხილავენ როგორც დაზარალებულის რილს შექმნილ სიტუაციაში. იქნებ ჩვენი დამსახურებაა ისიც, როცა ქვეყანაში თავშესაფრების არსებობას არა პრაქტიკულ, არამედ თეორიულ დატვირთვას უფრო აძლევენ დღეს, რადგან მისი უფრო მეტი რაოდენობის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ღრმად არც დაფიქრებულად და მაშინ რა მოთხოვნები უნდა გვქონდეს სულით მკურნალობის თერაპიის დანერგვაზე, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნად დარგად ითვლება, სწორეს იმიტომაც, რომ საკუთარ მეში მიჩუმათებული ყველა იმ პროტესტის და სულიერი სიმძიმის გათავისების და მასთან ბრძოლის უნარი გამოგვიმუშავდეს, რაც ხვალ და ზეგ იმას მაინც გვასწავლის – ამტანობა მხოლოდ იმ დანაშაულის ფორმად რომ შეიძლება ჩაგვეთვალოს, რაც გვამეტებინებს საკუთარ თავსაც, შვილებსაც, მშობლებსაც და იმ საზოგადოებასაც, რომელიც სწორედ ჩვენმა მომავალმა უნდა შექმნას იმ მომავალ ხვალინდელ დღეს.
მინდა ხვალ უკეთესად იყოს ყველაფერი…..
შენ, ვინც არ უნდა კითხულობდე ეხლა ჩემს წერილს, ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრია ჩემნაირებზე. ჩვენზე, ჩვენთვის ყოველდღე დგება ქვეყნის აღსასრული… ყოველი მამის დათრობაზე, თუ დედის მეზობელთან გადასვლაზე ოჯახში უბედურების მოლოდინში ხარ გაშეშებული. ისე გეშინია, რომ პირველი, რისი სურვილიც გიჩნდება თავშესაფარის ძებნაა, მაგრამ ფიქრდები… და მერე დედა? და მერე მამა? ან ჩემი უმცროსი და? და რჩები, რჩები ამ ენით აუღწერელ ჯოჯოხეთში. ვერსად მიდიხარ რადგან გიყვარს, გიყვარს შენი მშობლები და რას იზამ? გამოდის, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს, გასაჭირში ვერ მიატოვებ დედას, იქნებ შენი ხათრი დაურჩეს შუშისთვალებიან მამას, იქნებ დაგხათროს შეეცოდო, შეისმინოს შენი ხვეწნა-მუდარა და იმდენი არ მოხვდეს დედას. იცით, რომ ასეთი რამეები შენს გვერდით ხდება, მაგრამ ამის გაგება შეუძლებელია გვერდიდან ყურებით თქვენ აქ ჩამოიხედეთ, ჩვენს გულში და შეგზარავთ რეალობა. ვერ ავღწერ ამ დროს რა ხდება. სუნთქვა მიჭირს, გული ისე მიძგერს რომ ხმამაღლა ტირილის მეშინია პირიდან არ ამომივარდეს. ჩემს თავს ვეჩურჩულები აი ახლა დამთავრდება, ცოტაც, ცოტაც,…მერე თითქოს ყველაფერი მიყუჩდება მეორე დღეს აღმოაჩენ, რომ დედაც და მამაც მაინც ისევე ისე გიყვარს და ცოტა ხნით მშვიდდები . მაგრამ ხვალ? ხვალ ისევ ცუდად, უფრო ცუდად იქნება ყველაფერი….ნუთუ არავინ დაარღვევს ამ სიჩუმეს?!…………………